ბათუმში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. განცხადებას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ნანგრევებში მოყოლილი პირები კონტაქტური მდგომარეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე. მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.