გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრთა კაბინეტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.
სხდომაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში ავტომაგისტრალების ძირითადი ნაწილი თოვლისგან სრულად გასუფთავებულია და აქტიურად გრძელდება სხვადასხვა სოფლის ძირითადი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გურიის რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური სერვისების მიწოდება აღუდგა.
ელექტროენერგია დამატებით 2 069 აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. რაც შეეხება მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხს, ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების პრობლემა აღარ დგას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების კიდევ უფრო ეფექტურად აღმოფხვრის პროცესში სასაზღვრო ვერტმფრენის ჩართულობის მნიშვნელობას.
სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ვერტმფრენი, რომელიც მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ჩაერთო სამუშაოებში, საჭიროებისამებრ, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებსა და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, დასავლეთ საქართველოში რჩებიან და სამუშაოებს განაგრძობენ.