დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – გურიაში სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, თითქმის ყველგან გახსნილია. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მიკროშტაბის მუშაობის პროცესს გაეცნო.
„მოქალაქეებს, ვისაც საჭიროება აქვთ, შეუძლიათ მიკროშტაბებიდან საკვები პროდუქტი გაიტანონ. მარაგები სავსეა. ასევე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება მედიკამენტების გაცემა. დარჩენილია რამდენიმე ერთეული სოფელი, სადაც ცენტრალური გზები ჯერჯერობით ბოლომდე გაწმენდილი არ არის, თუმცა მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად იქნება აღდგენილი.
მოსახლეობისთვის თითქმის, სრულად არის აღმოფხვრილი გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა“, – აღნიშნა ურუშაძემ.