4 მარტიდან დონალდ ტრამპმა მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ძალაში შესულად გამოაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ორ ქვეყანას „აღარ აქვს მანევრირების საშუალება“, აღნიშნული ზომის თავიდან ასაცილებლად.
მან ასევე აღნიშნა, რომ არგენტინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას განიხილავს და ლათინური ამერიკის ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის „დიდი ლიდერი“ უწოდა.
ტარიფების ზრდის შესახებ დინალდ ტრამპმა ამერიკელი ფერმერებიც გააფრთხილა და მოუწოდა მათ, მზად იყვნენ თავიანთი პროდუქციის აშშ-ს ტერიტორიაზე გასაყიდად.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების 10%-დან 20%-მდე ზრდას ითვალისწინებს. ამის მიზეზად აშშ-ს ლიდერი იმ გარემოებას ასახელებს, რომ პეკინი საკმარის ზომებს არ იღებს ჩინეთიდან აშშ-ში შესული ფენტანილის ნაკადის შესაჩერებლად.
თეთრი სახლის მიერ „X“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, თავდაპირველად, 1 თებერვალს, საბაჟო ტარიფები ჩაფიქრებული იყო, როგორც ოპიოიდური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს იარაღი და ახლა ის ძალაში შედის ჩინეთის „უუნარობის“ გამო, „შეებრძოლოს ფენტანილის ნაკადს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა წალეკა“.
თავის მხრივ, ჩინეთმა სამშაბათს, 4 მარტს, განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ გადასახადების გაზრდის საპასუხოდ, მომავალი კვირიდან შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალ ტარიფებს დააწესებს.
„დამატებითი 15%-იანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე“, – განაცხადა ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ და დასძინა, რომ „გარდა ამისა, დამატებითი 10%-იანი ტარიფები შეეხება ღორის და საქონლის ხორცს, სოიოს, ზღვის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს“.
პეკინმა ადრევე გამოაცხადა, რომ აპირებდა საპასუხო ზომების მიღებას პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, რომელმაც 3 მარტს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ში შემოსულ ჩინურ საქონელზე დამატებით 20%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ.
წინასაარჩვენო კამპანიის მიმდინარეობისას, ამერიკელი რესპუბლიკელების ლიდერი მუდმივად იმეორებდა, რომ ტერმინ „საბაჟო ტარიფებზე“ „შეყვარებულია“. მან არაერთხელ გაახმოვანა თავისი განზრახვა, საბაჟო ტარიფები აშშ-ს ამჟამინდელი სავაჭრო ბალანსის გამოსასწორებლად, მის მიერ გამოცხადებული საგადასახადო შემცირებების ნაწილობრივ დასაფინანსებლად და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან „პატივისცემის“ უზრუნველსაყოფად გამოიყენოს.
ამავდროულად, კანადამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების საპასუხოდ, 4 მარტიდან აშშ-ს პროდუქტებზე ახალ საბაჟო ტარიფებს გამოიყენებს.
კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თქმით, აშშ-ს მთავრობის მიერ მიღებულ „ამ ზომებს არაფერი ამართლებს“.
„თუ აშშ-ს საბაჟო ტარიფები ძალაში შევა, კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს და 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 25%-იან საბაჟო გადასახადს დააწესებს“, – აღნიშნა კანადის მთავრობის მეთაურმა.
კანადის ახალი ტარიფები „ძალაში იქნება“ მანამ, ვიდრე აშშ-ს ტარიფები იმოქმედებს და თუ ვაშინგტონი მათ არ შეაჩერებს, მაშინ კანადის ფედერალური ხელისუფლება მოლაპარაკებებს დაიწყებს ქვეყნის პროვინციებთან „სხვა, არასატარიფო ზომების“ მისაღებად, დასძინა ტრიუდომ.