საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.
”უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შევხვდი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
ყურადღება დავუთმეთ დაკავშირებადობის მნიშვნელობას და შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობას. ვისაუბრე იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის სახით სთავაზობს. ამ კონტექსტში აღინიშნა ტურიზმის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ინვესტირების კუთხით არსებული პოტენციალი.
ასევე განვიხილეთ ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო, მრავალმხრივ ფორმატებში.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე.
შავკატ მირზიოევმა დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის პრეზიდენტის სასახლეში მიმასპინძლა”-წერს პრემიერ-მინისტრი.