საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიაძე “ქართული ოცნებიდან“ წასასვლელად ყოფილი და ამჯამინდელი პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრას ელოდება.
როგორც ნიშნიანიძემ განაცხადა,ჯერჯერობით მისთვის პარტიაში დარჩენაზე არც უარი უთქვამთ, არც თანხმობა.
მისივე თქმით, პარტიის დატოვება უჭირს.
”ჩემი შინაგანი გადაწყვეტილებაც იყო, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდებოდა და მე გავწევრიანდი, ვიბრძოლე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კოჰაბიტაცია არის ჩვენი ხარაკირი, უპიარობა არის ჩვენი ხარაკირი და ამის შედეგებიც გვაქვს.
მე მიმძიმს ჩემი გუნდის დატოვება, მინდა აქ დავრჩე და არ დავუთმო ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაინც და მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” ქება-დიდებით არიან დაკავებულები.
მინდა დავრჩე, მაგრამ თუ მეტყვიან – არ არის აქ შენი ადგილი, პატარა ბიჭივით არ გავნაწყენდები და ჩემს ადგილს მოვძებნი. არც განათლება მაკლია, არც თავშეკავება.
როდესაც ვიყავი ძალიან აქტიური და ხისტი, სხვათაშორის ბატონმა ბიძინამაც მითხრა, ცოტა ხისტი იყავიო, ხისტი თუ ვიყავი, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას, მათ პოზიციას ვახმოვანებდი და არ მინდოდა ეს ელექტორატი დამეკარგა ”ქართული ოცნებისთვის”.
ისინი ნაწამები, ნაცემი და ქონებაწართმეული ხალხია და ჩვენგან ითხოვდნენ, არ ვყოფილიყავით კოჰაბიტირებული და დედაატირებულნი. ეს იყო მათი მოთხოვნა და მე მათ აზრს ვახმოვანებდი. მე არ მეშლება, როგორ ვიყო დიპლომატიური, წყნარი და მშვიდი. თუ საჭირო იქნება, ტონსაც დავუწევ, მაგრამ უნდა მითხრან გუნდში, აი, ომარ, ცოტა შეანელე, მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა.
მე ვიყავი აქტიური. მე არ ვარ მაჩანჩალა. ენების ცოდნაზე თუ არის ლაპარაკი, საყველპურო ინგლისური ვიცი, მაგრამ ვიცი სხვა ენები, რუსული, გერმანული. ჯერჯერობით, უარსაც ვერ მეუბნებიან და არც ჰოს. გულიც არ მომდის”, – განაცხადა ომარ ნიშნიაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ ”ქართული ოცნებიდან” წავა, მაშინ მას საზოგადოება თამაზ მეჭიაურის გუნდში იხილავს.
“კოჰაბიტაცია არის ჩვენი ხარაკირი”
2016/06/01 13:47:49
კომენტარები
ნანახია: 1860 ჯერ