ომობანას მოთამაშე პოლიტიკოსები სხვისი დაკვეთით და ფულით რომ არიან ქართულ პოლიტიკაში, ეს არის პრობლემა. ექსტრემისტული პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ქვეყნის დემოკრატიისთვის მხოლოდ კარგი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34-ე წელს საქართველოში ისეთი პარტიები და „ენჯეოები“ არიან, რომლებიც უცხო ჯგუფების ინტერესებს ატარებენ.
„ალბათ დაელოდებიან, რას ეტყვიან „მაკკეინის ინსტიტუტი“ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიდი ალბათობით, ვვარაუდობ, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრსაც მოისმენენ. მათთვის ქართველი ხალხის აზრი მნიშვნელოვანი რომ არ არის, ეს ვიცით. საჯაროდ რამდენჯერმე ვიკითხე, ამ ტურებში ვისი ფულით დადიან, როცა იყვნენ ბალტიისპირეთში, სკანდინავიის ქვეყნებში თუ ასე შემდეგ. ვისი ფულით დადიან? წუწუნებენ, პარტიული დაფინანსება და დეპუტატის ხელფასი აღარ გვაქვსო, ანუ, ფული არ აქვთ და ვისი ფულით დადიან? ვისი ფულითაც დადიან და ვინც ფულს უხდის, ის უკვეთავს მათ მუსიკასაც, საარჩევნო პროგრამასაც და არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობას. ორ დღეში 9 აპრილს აღვნიშნავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და იმ ტრაგედიის დღეს, როცა ჩვენი თანამოქალაქეები დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ და ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34-ე წელს პოლიტიკოსები, პარტიები და „ენჯეოები“ გვყავს, რომლებიც, ჩვეულებრივად, არიან უცხო ჯგუფების ინტერესების გამტარებლები საქართველოში. მათ არაფერი აინტერესებთ – როცა ეტყვიან, რომ, აბა, ახლა საქართველო უკრაინაში ფრონტზე უნდა გავუშვათო, გამოვლენ და პარლამენტის წინ მიტინგს ჩაატარებენ, როგორც ეს გააკეთეს. იგივე ხალხი, ვინც დღეს პროტესტშია, 2022 წლის მარტში პარლამენტის წინ იდგა და ითხოვდა, რომ საქართველო ომში შესულიყო და დახოცილიყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები, დანგრეულიყო ეკონომიკა, რადგან ვიღაცამ უცხოეთიდან უთხრა, რომ ეს ტრენდია – მათ ომში მონაწილეობა ომობანა ჰგონიათ. ამას იმ ქვეყნის მოქალაქეებს ეუბნებიან, ვისაც ეს ტკივილი გამოვლილი აქვს. ასე რომ, ომობანას მოთამაშე პოლიტიკოსები სხვისი დაკვეთით და ფულით რომ არიან ქართულ პოლიტიკაში, ეს არის პრობლემა. ამიტომ ვამბობ, რომ ექსტრემისტული პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის მხოლოდ კარგი იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.