აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან მგალობლიშვილმა ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ესაუბრა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.