2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რიტორიკული კითხვა დაუსვა.
გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, თუ როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, როცა უნივერსიტეტს სტუმრობენ და დავით გურგენიძისგან იგებენ, რომ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს ქონება წაართვა და დედამისს გადასცა.
„როგორც ბრძანეთ, ტექნიკურ უნივერსიტეტს ხშირად სტუმრობენ ელჩები, რა დროსაც იყენებთ შესაძლებლობას და მათ იმ ქონებას აჩვენებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წაართვა უნივერსიტეტს და, ზოგადად, საზოგადოებას. საინტერესოა ელჩების პოზიცია, რადგან ზოგიერთი ელჩი გამოხატვის თავისუფლებას „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაშიც კი ხედავს.
როგორი რეაქცია აქვთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩებს – მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს ქონება დედამისს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აჩუქაო, ამას ხომ არ ამბობენ? რადგან, შეიძლება ესეც გაამართლონ. თან ეს 2008 წლის ომის პერიოდია, როდესაც თავდაცვის მინისტრი [დავით კეზერაშვილი] ბრილიანტის შესყიდვით იყო დაკავებული, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია – ტაბახმელაში მიწების ყიდვა-გაყიდვით და პრეზიდენტი სააკაშვილი – დედამისისთვის ქონების ჩუქებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია თუ როგორია ელჩების პოზიცია ამასთან მიმართებით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.