„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„მონოპოლისტი პატრიოტები და „პრო-რუსი მონები“
პატრიოტობაზე და პროდასავლურობაზე მონოპოლიის მომპოვებელმა ჩვენმა დაკომპლექსებულმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოშნიკებმა“ ბოლო დღეებში 2 დიდი გამარჯვება მოიპოვეს – ევროსაჭოს გამოაცხობინეს მორიგი რეზოლუცია საქართველოს „ანტიდემოკრატ და პრორუს“ ხელისუფლებაზე და 9 აპრილს გმირულად დაიცვეს საკრალური ადგილი – ფეის-კონტროლის დაწესების გზით 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს „პრორუსული და ანტიდემოკრატიული“ ხელისუფლების მხარდამჭერები.
„გამარჯვებულების“ მიერ ჯოგად ქცეული ჩვენი „პატრიოტი და გულანთებული ახალგაზრდები“ ისეთი მონდომებით ცდილობენ თავის წარმოჩენას თავგადაკლულ „მედასავლეთეებად, დემოკრატებად და ანტირუსებად“, რომ ვერც კი გრძნობენ, ხშირად როგორ უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც მათი სიტყვები და საქმეები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც განსხვავდებოდა ბოლშევიკების ნაკეთები საქმეები მათ მიერ შექმნილ „ყველაზე ჰუმანურ, ადამიანურ და დემოკრატიულ“ საზოგადოებაზე ყოველდღიური ქადაგებისგან.
ცკ-ს დადგენილების მსგავს ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა „პოლიტპატიმარი“, რადგან თბილისში ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს ისინი არა ძალადობის გამო, არამედ პოლიტიკური მშვიდობიანი მოთხოვნებისთვის დააპატიმრეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს არჩევნებთან და „ენჯეოების“ ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებით მიღებული ყველა კანონი, რადგან თურმე ეს არის „დემოკრატიის უკუსვლა“. ასევე უნდა დანიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან, მართალია, მათივე წარმომადგენლები (ეუთო/ოდირი) აღიარებენ ბოლო საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, მართალია, მილიონზე მეტმა ადამიანმა აირჩია დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოს 800 ათასმა მოქალაქემ ხომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხომ არ მოსწონთ მათ ამ არჩევნების შედეგები და მათგან რამდენიმე ასეული (ზოგჯერ რამდენიმე ათასიც) ხომ აპროტესტებს ამას ყოველდღიურად და ხომ კეტავს მოძრაობას რამდენიმე საათით თბილისის ცენტრალურ გამზირზე, ამიტომ უნდა ჩაითვალოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნებზე „ნიჩურტი“ იყო.
ამ ჩვენს „პატრიოტ და გულანთებულ“ ახალგაზრდებსაც ჰგონიათ, რომ თუ დაიჯერებ და საზოგადოების ყოველდღიური ტვინების გამორეცხვის გზით სხვასაც დააჯერებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრო-რუსია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც პრო-რუსულია (თუნდაც იმიტომ, რომ შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს და არა 25 დეკემბერს, თანაც, არ ლანძღავს ხელისუფლებას), ეს არის პატრიოტობა, დემოკრატია და დასავლური ღირებულებების დამკვიდრება.
მათი გაგებით, პატრიოტობაა რუსოფობიის ქადაგება, ხოლო ვისაც ეს არ ესმის ან სხვაგვარად ფიქრობს, ყველა მოღალატე პრო-რუსია და იმსახურებს იმას, რასაც იმსახურებდნენ „კონტრრევოლუციონერები“ ბოლშევიკური წითელი ტერორის დროინდელ სსრკ-ში.
მეფე ერეკლე მეორეც, რომელმაც ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრება საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაატარა და ამ ბრძოლებში 40-მდე ჭრილობა მიიღო – „პრო-რუსი მონა“ იყო.
„პრო-რუსი მონაა“ ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც 500 ზე მეტი ტაძარი და ისტორიული შენობა აღადგინა, დაამარცხა ქართული ფაშიზმი, აღკვეთა ახალგაზრდების ქუჩებში ჩახოცვა, ციხეებში გაუპატიურება, განკულაკება, ბიზნეს-რეკეტი, დამონებული სასამართლო და მედია. პრო-რუსია იმიტომ, რომ მისმა ხელისუფლებამ რუსეთს არ დაუწესა სანქციები და ომიც არ გამოუცხადა ამ ბოროტ აგრესორს, რითაც გმირი უკრაინელი პრეზიდენტის განრისხება გამოიწვია.
ამერიკული ფარას კანონიც საქართველოსთვის პრო-რუსულია, რადგან ისეთი ჯგუფების საქმიანობის ფინანსურ ლუსტრაციას ეხება, რომლებიც ხელშეუხებელნი არიან.
„პრო-რუსი მონაა“ ყველა, ვისაც დასავლეთის მიმართ კრიტიკა წამოსცდება.
„პრო-რუსი მონაა“ ყველა, ვისაც ეჭვი ეპარება, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვების (ამიტომ ბოლო ხანებში აშშ-ს პრეზიდენტიც პრორუსი მონა აღმოჩნდა).
„პრო-რუსი მონაა“ ყველა, ვინც არ მიესალმება საქართველოში გეი-აღლუმების ჩატარებას.
„პრო-რუსი მონაა“ ყველა, ვინც არ მოითხოვს „პუტინის ტყვეობაში“ მყოფი „დემოკრატიის შუქურის“ გათავისუფლებას.
სამაგიეროდ, „მედასავლეთე, დემოკრატი და ანტირუსი“ გმირია ყველა, ვინც გაბედულად აგინებს დედას პუტინს და რუსებს, უშიშრად უქნევს მუშტებს მათ „ჟანგიან ტანკებს“, თუმცა, ამ ტანკების დანახვაზე თავქუდმოგლეჯილი გარბის ჩვენი ქვეყნის საზღვრისკენ.
პროდასავლურია ყველა, ვისაც ოკუპანტთან საქმიან მოლაპარაკებას ურჩევნია მავთულხლართებთან პოზირება და სურათების გადაღება, მათ შორის შარვალჩახდილ მდგომარეობაში.
აი, ასეთები არიან პატრიოტობაზე მონოპოლიის პრეტენზიის მქონე, ჯოგად ქცეული ჩვენი ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც ასეთებად აღზარდეს უფროსი თაობის ნაძირალა ანგარებიანმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოშნიკებმა“ და რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ მათ გამოყენებას საკუთარი ბინძური მიზნების რეალიზაციისთვის”, – წერს ნანა კაკაბაძე.