რუსეთის ყოფილ ვიცე-მინისტრს, ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, 40 თვით პატიმრობა მიესაჯა
პარასკევს, 11 აპრილს, ბრიტანეთის სასამართლომ რუსეთის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, სამ წელზე მეტი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, რაც გაერთიანებულ სამეფოში პირველი ასეთი შემთხვევაა. ვლადიმერ პუტინის თანამებრძოლი, დიმიტრი ოვსიანიკოვი დამნაშავედ ცნეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციების 6 პუნქტის დარღვევევაში, რასაც 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდში ჰქონდა ადგილი. 48 წლის ოვსიანიკოვი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც დამნაშავედ ცნეს რუსეთისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს. ყირიმის უდიდესი ქალაქის, სევასტოპოლის ყოფილ მერს ლონდონის საუთვარკის სასამართლომ 40-თვიანი პატიმრობა დაუდგინა.
მოსამართლე სარა კოკერილის განჩინების თანახმად, სანამ პირობით გათავისუფლდება, ოვსიანიკოვმა სასჯელის დაახლოებით ნახევარი პატიმრობაში უნდა გაატაროს. ოვსიანიკოვის დანაშაული იმაში გამოიხატება, რომ დიდი ბრიტანეთის ბანკში ანგარიშის გახსნით, რომელზეც მეუღლისგან 80 ათასი გირვანქა სტერლინგი (100 000 აშშ დოლარი) ჩაერიცხა, მან შეზღუდვები დაარღვია. გარდა ამისა, თავისი ძმისგან მიიღო მანქანა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. როდესაც ბანკმა შეიტყო, რომ ის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირების სიაში იყო, მისი ანგარიში გაყინა. დიმიტრის ძმა, ალექსეი ოვსიანიკოვი დამნაშავედ ცნეს დარღვევის ხელშეწყობაში, ხოლო მეუღლე, 47 წლის ეკატერინა ოვსიანიკოვა ყველა ბრალდებაში გამართლდა.
პუტინმა ოვსიანიკოვი სევასტოპოლის მერად რუსეთის მიერ 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან ორი წლის შემდეგ დანიშნა. მანამდე მას რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ევროკავშირმა ოვსიანიკოვს ფინანსური სანქციები 2017 წელს დაუწესა და ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთი გასვლის შემდეგაც ძალაში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა 2023 წლის თებერვალში ოვსიანიკოვისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა, დიდი ბრიტანეთში ის დღემდე მოქმედებს, რაც მას ქვეყანაში მოგზაურობასა და თანხების მიღებას უკრძალავს. 2022 წლის აგვისტოში ოვსიანიკოვი რუსეთიდან თურქეთში გაემგზავრა და ონლაინ განაცხადი შეიტანა დიდი ბრიტანეთის პასპორტზე, რომელიც ოფიციალურმა ლონდონმა, სანქციების ძალაში ყოფნის მიუხედავად, მაინც გასცა, რადგან მისი მამა დიდ ბრიტანეთშია დაბადებული.
2023 წლის თებერვალში დიმიტრი ოვსიანიკოვი დიდ ბრიტანეთში თავის ცოლთან და ორ შვილთან ჩავიდა. მისი ძმა დამნაშავედ ცნეს სანქციების დარღვევის ორ პუნქტში იმის გამო, რომ ოვსიანოვის შვილების ლონდონის სკოლაში სწავლის საფასური (40 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი) გადაიხადა. თუმცა, ის გამართლდა სანქციების დარღვევის სამ პუნქტში, რომელიც ძმისთვის სადაზღვევო პოლისის გაფორმებას და „მერსედეს-ბენცის“ შეძენას შეეხებოდა. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის, დიდი ბრიტანეთში მაქსიმალური სასჯელი შვიდწლიანი პატიმრობაა.