ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი დაიწყო. ახალი პონტიფიკოსი კარდინალთა 133-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.
აღსანიშნავია, რომ კონკლავში კარდინალების 80% თავად პაპ ფრანცისკეს მიერ არის დანიშნული, მათი უმეტესობა პაპს პირველად ირჩევს.
კარდინალებს პაპის არჩევამდე, ანუ ვიდრე მათგანი ერთ-ერთი ხმების ორ-მესამედს არ დააგროვებს, გარე სამყაროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ექნებათ, რასაც შესაძლოა, დღეები დასჭირდეს.
კონკლავის დაწყების პირველ დღეს კენჭისყრის მხოლოდ პირველი რაუნდი გაიმართება. კენჭისყრის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ბიულეტენების დაწვის შედეგად კვამლის ფერის მიხედვით – შავი კვამლი ნიშნავს, რომ კონკლავმა ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლო და კენჭისყრა გაგრძელდება, ხოლო თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოვა, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.
პირველი კენჭისყრის შედეგს, ანუ პირველ კვამლს ვატიკანში დღეს, თბილისის დროით დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე ელოდებიან.
მომდევნო დღეებში კარდინალებს შეუძლიათ ყოველდღიურად ოთხი კენჭისყრის ჩატარება.