ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა eTurboNews, რომელიც ტურიზმის, მოგზაურობის, ავიაციისა და საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრიის სიახლეებს ავრცელებს, აქვეყნებს მასალას, სადაც მოთხრობილია სქემის შესახებ, რომლის მიხედვით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, შესაძლოა, კორუფციაში იყოს ჩართული. კერძოდ, სტატიის ავტორი, წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პოლოლიკაშვილის მამის სახელზე არსებობდეს საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა, 2020 წელს თანამდებობიდან გადადგა, რათა თავის თანამემამულესთან, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ემუშავა. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა და ამასთან, გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის სკოლის ძველი მეგობარია – და სწორედ აქ შეიძლება გაშლილიყო კრიმინალური შეთქმულება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო.
მიხეილ ნინუამ თავისი და იტალიაში საქართველოს გენერალურ კონსულად დანიშნა. იტალიას ჯერ არ ჰყავს ელჩი საქართველოში, თუმცა ილია გიორგაძეს ელოდნენ, რომ საქართველოს პირველი ელჩი გახდებოდა. გიორგაძემ ესპანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა და ამ თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა. ის რუმინეთიდან ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ელჩის რანგში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა.
შესაძლოა, ილია გიორგაძე ზურაბთან ერთად მონაწილეობდა ვიქტორ დე ალდამასთვის, ესპანეთში კოლდოს სისხლის სამართლის საქმის სავარაუდო ორგანიზატორისთვის, საქართველოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის წოდების მინიჭებაში. იტალიის ნაცვლად, ის ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა.
გასულ კვირას ზურაბმა პირველად მიმართა მედიას, სადაც განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო ბატონი ალდამას ბიზნესთან და უარყო რაიმე სახის მონაწილეობა ნავთობის ბიზნესში.
გაეროს ტურიზმის დეპარტამენტიდან წამოსული მტკიცებულებები და მითქმა-მოთქმა ყოველ წუთს უფრო და უფრო იმატებს.
ილია გიორგაძის ქალიშვილი, გაეროს ტურიზმის სააგენტოში დისტანციურად საქართველოდან მუშაობს. როგორც ჩანს, ის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის ყოფილმა დირექტორმა, იტალიელმა ალესანდრა პრიანტემმა დაიქირავა.
2018 წელს თანამდებობაზე დანიშვნის და საკამათო არჩევნების შემდეგ, ზურაბმა გაეროს ტურიზმის საკითხებში თავისი თანამდებობა დაიბრუნა და მშობლიური საქართველოდან ექვსი წევრი დაიქირავა, რათა მის კაბინეტში თანამემამულეებად და მეგობრებად ემსახურათ.
მიხეილ ნინუა პასუხისმგებელი იყო 2021 წელს ერ-რიადში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის გახსნაზე, რისთვისაც საუდის არაბეთმა მილიონები გადაიხადა.
2021 წლის 26 მაისს, ერ-რიადში გამართულ გახსნის ცერემონიაზე, გაეროს ტურიზმის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა, მისმა აღმატებულებამ აჰმედ ალ ხატიბმა და სტრატეგიისა და ინვესტიციების საკითხებში ტურიზმის სამინისტროს მდივნის მოადგილემ, მისმა უდიდებულესობამ, პრინცესა ჰაიფა ალ საუდმა, ოფიციალურად გახსნეს ოფისი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ტურიზმის მინისტრები, ასევე კერძო სექტორის ლიდერები.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ოფისში მცირე აქტივობა შეინიშნებოდა, რადგან, როგორც ამბობენ, მიხეილ ნინუა ძალიან დაკავებული იყო სამეფოში უცხოელი ბიზნესმენებისთვის, ასევე ზურაბ პოლოლიკაშვილის მამისთვის საბანკო ანგარიშების გახსნით, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნავთობის ბიზნეს საქმიანობასთან. ამის შესახებ eTN-ს ზურაბთან დაახლოებულმა, ცნობილმა და სანდო წყარომ განუცხადა.
წყაროს ცნობით, 2024 წლის ივლისის ბოლოს ნიუნუა საქართველოში დაბრუნდა, რათა ნავთობის ბიზნესში ჩართულიყო. მისი ოჯახი ერთი წლით ადრე დაბრუნდა. დუბაიში ის დაუახლოვდა FIA-ს პრეზიდენტ მოჰამედ ბენ სულაიემს და გააცნო მას თავისი მეგობარი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) არის მსოფლიო საავტომობილო სპორტის მმართველი ორგანო და საავტომობილო ინჟინერიისა და მობილობის სფეროში მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების ასოციაცია.
FIA, რომელიც 1904 წელს დაარსდა და შტაბ-ბინები პარიზსა და ჟენევაში მდებარეობს, არაკომერციული ორგანიზაციაა. ის აერთიანებს ხუთი კონტინენტის 147 ქვეყნის საავტომობილო და სპორტული კლუბების 243 წევრს. მისი წევრი კლუბები წარმოადგენენ მილიონობით მძღოლს, საავტომობილო სპორტის პროფესიონალებსა და მოხალისეებს.
შეიხი ნასერ ალ ნოვაისი, რომელიც ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატია დუბაიში გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, ტურიზმის, სტუმართმოყვარეობისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში გლობალურად აღიარებული ლიდერია. 16-წლიანი სტრატეგიული ლიდერობის განმავლობაში, მან სხვადასხვა რეგიონში მდგრადი ტურიზმის, ეთიკური მენეჯმენტისა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა შეძლო. მის ოჯახს Rotana-ს სასტუმროების ჯგუფი ეკუთვნის.
მუსლიმურ საზოგადოებაში მისი, როგორც მარტოხელა ქალის, არჩევის შანსი ნულის ტოლია. ამიტომ, ზურაბის დუბაისთან ძლიერი კავშირების გათვალისწინებით, მისი კანდიდატურის დაყენების მიზანი შესაძლოა იყოს პირველივე ტურში ხმების გაყოფა, რაც გაზრდის ზურაბის ხელახალი არჩევის შანსებს და ამავდროულად, წინ წასწევს შაიკას ოჯახის ბიზნესის, Rotana Hotels-ის ინტერესებს.
UNWTO არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია მდგრადი და უნივერსალურად ხელმისაწვდომი ტურიზმის ხელშეწყობაზე. ვიქტორ დე ალდამა, რომელიც გლობალურ კრიმინალურ გამოძიებაშია ჩართული, როგორც ჩანს, მიხეილ ნინუას ახლო მეგობარი იყო.
ETurboNews-მა გაავრცელა ინფორმაცია ინსაიდერებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ზურაბი უეფას პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. მას ასევე შეუძლია მოგებიანი სამსახური მიიღოს საუდის არაბეთში, რომელიც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს,” – წერს უცხოური მედია