ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც უნიკალური პროექტია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ.
პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბია, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა. სამუშაოების TBM-ით წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს მის მდგრადობას.
გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს რეგიონებსა და მთიან სოფლებთან, შეამცირებს დროს და მანძილს და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ის ნაცვლად მხოლოდ 15 წთ-ი დასჭირდება.