ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრა გამართა არქიტექტორთა საზოგადოების წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობას. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროსა და არქიტექტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე.
„მხარეებმა განიხილეს საკონკურსო პირობებისა და საპროექტო რეკომენდაციების მომზადებაში არქიტექტორების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. ისაუბრეს პროფესიული ხედვების გაზიარებისათვის შემდგომი თანამშრომლობის გზებზეც.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამომავლო გეგმები. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ხარისხიანად განხორციელებისთვის პროფესიონალების ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრის მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროფესიული იდეების გაცვლისათვის კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიური გახდება“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.