პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ.
ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 45-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 300-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. ინსტრუქტაჟის მიღებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ ახალგაზრდებმა და მათმა პედაგოგებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ვიზიტი გმირთა მემორიალთან დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგებით დაიწყეს და მათი გმირობის ისტორიები მოისმინეს. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, საცხოვრებელი ყაზარმები, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი დაათვალიერეს და ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში მოსწავლეებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ამავე პროექტის ფარგლებში, დღესვე ქალაქ ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადაში ხონის აკაკი ჩხენკელის სახელობის მე-2 და ირაკლი აბაშიძის სახელობის მე-3 საჯარო სკოლების, ასევე, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
პროექტი „ერთი დღე ჯარში“ ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში წარმატებით მიმდინარეობს.