მიმდინარე წლის, 5-6 ივნისს, დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს სახელწოდებით – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ასევე ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ეფექტური საგადასახადო და საბაჟო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.
,,შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო წლებში გატარებული წარმატებული რეფორმები, მიზნად ისახავს კანონშესაბამისობის მართვის რისკზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას და ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების კიდევ უფრო გამარტივებას. ამასთან, სერვისების გაციფრულების ფარგლებში, უწყება ერთ-ერთი ლიდერია ინოვაციების მიმართულებით. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ელექტრონული ფორმით, 6 მილიონზე მეტი საგადასახადო დეკლარაცია და 59 მილიონზე მეტი დღგ-ის ანგარიშფაქტურის ატვირთვა განხორციელდა. რაც შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს გადამხდელთა დრო და რესურსი“, – განაცხადა ლევან კაკავამ.
აღნიშნული პანელის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და საბაჟო სისტემის გაციფრულების/ტრანსფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი თქმით საბაჟო ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მიერ, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში და შეუძლებელია თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა მშვიდობის გარეშე.
თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და ქალაქების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა.