ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ესტონეთი შვედეთს ტარტუს ციხეში არსებულ ფართს იჯარით გადასცემს და 600-მდე პატიმარს მიიღებს. შესაბამისი კანონპროექტი დასამტკიცებლად ესტონეთის პარლამენტში უკვე გაიგზავნა.
მინისტრებს შორის დისკუსია უცხოეთის ციხეებიდან ესტონეთში კრიმინალების გადმოყვანის შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ესტონეთის პენიტენციურ სისტემაში ასობით თავისუფალი ადგილია, მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ციხეები გადატვირთულია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია სამხრეთ ესტონეთში არსებული ტარტუს ციხე, რომელსაც 933 პატიმრის მიღება შეუძლია და ამჟამად 600 თავისუფალი ადგილი აქვს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ შვედეთთან გარიგება ესტონეთისთვის „მომგებიანი“ იქნება და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.
პრეს-რელიზში შვედი პატიმრები „დაბალი რისკის“ მქონე პირებად არიან მოხსენიებულნი. მასში ასევე ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად შეთანხმდება იმაზე, თუ ვინ განთავსდება ტარტუს ციხეში. „მაღალი რისკის ან უსაფრთხოებისთვის საშიში პირები გამოირიცხებიან“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
შეთანხმების თანახმად, არცერთი უცხოელი პატიმარი ესტონეთში არ გათავისუფლდება და სასჯელის მოხდამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მათ შვედეთში დააბრუნებენ.
„შეთანხმება შვედეთს საშუალებას აძლევს, ტარტუს ციხეში 600-მდე დაბალი რისკის პატიმარი მოათავსოს. უცხოელი პატიმრების შენახვის ყველა ხარჯს შვედეთი დაფარავს. ამიტომ, ესტონელ გადასახადის გადამხდელებს დამატებითი ტვირთი არ დააწვებათ“, – აცხადებს იუსტიციის და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი, ლიისა-ლი პაკოსტა.

პატიმრების საცხოვრებლის, კვების, ზედამხედველობისა და ჯანდაცვის ხარჯებს შვედეთის მთავრობა გადაიხდის.
მინისტრის თქმით, შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს ტარტუში 400 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და ესტონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საპატიმრო შენობების შენარჩუნებას.
„ესტონეთის სასჯელაღსრულების სისტემა მსოფლიო დონისაა და მაღალეფექტურ ციფრულ სერვისებს იყენებს. თუმცა, რაც უფრო მეტად ვნერგავთ ციფრულ სისტემებს, მით უფრო მაღლდება ციხის ოფიცრებისთვის დაწესებული სტანდარტები. ამ ადამიანების – ნამდვილი პროფესიონალების – სახელმწიფო სამსახურში შენარჩუნება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ჩვენი როგორც პასუხისმგებლობა, ასევე საზრუნავი“, – აღნიშნა პაკოსტამ.
შეთანხმება მიზნად ისახავს ესტონეთის შიდა უსაფრთხოების შესაძლებლობების შენარჩუნებას იმ პირობებში, როდესაც პატიმრების რაოდენობა ბოლო წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ესტონეთისა და შვედეთის შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპულ ჩარჩოს შეესაბამება“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
შვედეთი ესტონეთს თითო პატიმარზე თვეში 8500 ევროს გადაუხდის. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამჟამად შვედეთში ერთი პატიმრის შენახვა თვეში 11500 ევრო ჯდება.

დაბალი თუ მაღალი რისკი?
ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, რომ პატიმრები „დაბალი რისკის შემცველი პირები“ იქნებიან, შვედეთის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შეუძლია, ესტონეთში გაგზავნოს 18 წელზე უფროსი ასაკის პატიმრები, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის, მკვლელობიდან დაწყებული და სექსუალური ძალადობით დამთავრებული, არიან მსჯავრდებულნი.
ესტონეთის ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიციების ასეთი აცდენა უმალ გააკრიტიკეს.
„ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრი, ლიისა-ლი პაკოსტა სისტემატურად ატყუებდა ესტონეთის ხალხს მთავრობის განზრახვების შესახებ“, – განაცხადა პარტია „ისამაას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ჰელირ-ვალდორ სეედერმა.
„იმპორტირებული პატიმრების ესტონეთში ჩამოყვანის გაფიქრებაც კი ამაზრზენია. წარმომიდგენია, როგორ იმოქმედებს ეს ესტონეთის რეპუტაციაზე. შვედების გულახდილი აღიარება იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პატიმრების გამოგზავნას გეგმავენ, ყველაფერს ახალ ჭრილში წარმოაჩენს“, – განაცხადა მან ტელეგადაცემა „აქტუალური კამერის“ ეთერში.
„ჩვენი მთავრობა სამხრეთ ესტონეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაბალი რისკის პატიმრებზე საუბრობს, ხოლო შვედეთი ნაქირავები საპატიმრო ადგილების იმ ადამიანებით შევსებას გეგმავს, რომლებმაც საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს. ასეთ გეგმას „ისამაა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება!“ – დასძინა სეედერმა.
შეთანხმების ამოქმედებას ორივე ქვეყნის პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
