2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს. მმართველი გუნდის განცხადებით, კომისიაზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახე. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ეს ადამიანები ოპოზიციური ველიდანაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას.
„საგამოძიებო კომისიაზე ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო სისტემური დანაშაულის რეჟიმში გადასული. ხდებოდა ადამიანების ღირსების, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესის, – ყველაფრის შელახვა და წართმევა და ამაში ჩართული იყო სახელმწიფოს ყველა სისტემა და სტრუქტურა. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ტერორს აგრძელებს, ოღონდ უკვე იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც მას ოპოზიციაში გააჩნია. მედიის, სოციალური ქსელების და სხვა საშუალებებით მუდმივი ბულინგის, ზიზღის ენის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებით კვლავ აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების მძიმე მდგომარეობაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.