“2023 და 2024 წელსაც ამბობდნენ ადამიანები, რომ როგორ შეიძლება, დასავლეთიდან წამოსული თანხა არ იყოს ქართველი ხალხის ინტერესებშიო”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ფარას“ ქართული ანალოგის შესახებ საუბრისას განუცხადა.
„ამის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ კრიმინალურ ორგანიზაციებად აცხადებს USAID-ს და NED-ს. პირდაპირ საუბრობს, რომ ისინი ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიებს აწარმოებენ და მათი ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ, ურთიერთობას აფუჭებენ ადგილობრივ ხელისუფლებას და აშშ-ს შორის. ზუსტად ამიტომ USAID-ის, NED-ის საქმიანობა პირდაპირ აიკრძალა ტრამპის მიერ. გამოდის, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც ვსაუბრობდით 2023, 2024 და 2025 წელსაც, რომ არსებობს ინტერესები, არსებობს თანხები და ეს შემოსული თანხები პირდაპირ უცხოური ინტერესების გატარებას ეხმიანება.
საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი ავალდებულებს ყველას, ვინც სხვა ქვეყნის თუ სხვა ძალების ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში ატარებენ, დარეგისტრირდნენ და საზოგადოებას უთხრან – თუ ვინ არის მათი პრინციპალი, ანუ ვის ინტერესებს ატარებენ და რაში ხარჯავენ მათ მიერ გადახდილ თანხებს, ან რა აქტივობებში არიან ჩართული – ზუსტად იმავენაირად, როგორც მოქმედებს ამერიკაში“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.