თინა ბოკუჩავა ის პოლიტიკოსი არ არის, რომლის განეიტრალებაზეც შეიძლება ვინმემ იფიქროს. თინა ბოკუჩავას არანაირი რესურსი არ აქვს, როგორც პოლიტიკოსს და სჯობს, ცოტა დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი ბოკუჩავას ურჩევს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს.
„მას ვურჩევ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს, რადგან კომისიის სხდომებს მოგონილი ზღაპრებით ვერ გადაფარავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს.
8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
კოტე იოსელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.