თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ირანი სამართლიანად იცავს თავს ისრაელის უკანონო, ბანდიტური და სახელმწიფო ტერორისგან.
ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ სრულებით ბუნებრივი, ლეგიტიმური და სამართლიანი უფლებაა ირანისთვის, დაიცვას თავი ისრაელის ამ ბანდიტური და სახელმწიფო ტერორისგან. ირანს ღიად დაესხა თავს ქვეყანა, რომელიც არ ცნობს სამართალს, არ აღიარებს წესებს და არ გააჩნია პრინციპები. არის განებივრებული და დაბრმავებული“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი არ დაელოდა ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს და ისე დაიწყო თავდასხმები.
„ისრაელმა, რომელიც ფლობს ბირთვულ შეიარაღებას და არ აღიარებს არცერთ საერთაშორისო წესს თავის ბირთვულ საქმიანობაში, განახორციელა სრულმასშტაბიანი ტერორისტული აქტი ისე, რომ არ დაელოდა მოლაპარაკებების დასრულების შედეგებს. ამ აგრესიის წინაშე, რომელიც მთელი მსოფლიოსა და კაცობრიობის თვალწინ განახორციელა, სამწუხაროდ, საერთაშორისო ინსტიტუტები და ქვეყნები, პირველ რიგში კი, აშშ, ჩუმად რჩებიან და ზოგიერთი, სამწუხაროდ, ღიად უჭერს მხარს ამ ბანდიტიზმს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.