საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული განათლება საქართველოში განვითარების ახალ ეტაპზე გადადის – აქცენტი კეთდება არა მხოლოდ სწავლების ხარისხზე, არამედ საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე, კულტურათაშორის თანამშრომლობასა და გლობალური გამოცდილების გაზიარებაზე. ინფორმაციას პროფესიული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
„ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც არაერთ ინიციატივასა და პლატფორმას ქმნის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად.
სწორედ ამ მისიის გაგრძელებას წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გამართული პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული – VET Connect 2.0, რომელმაც ყოველწლიური ხასიათი მიიღო და უკვე მეორე წელია წარმატებით იმართება საქართველოში. ღონისძიებამ გააერთიანა 17 ქვეყნის 80-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი. VET Connect 2.0-ის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, მოეწყო თემატური სესიები, პანელური დისკუსიები და გამოფენები, სადაც ინსტიტუციები თუ დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკებს, გამოცდილებებს, ხედვებსა და სტრატეგიებს უზიარებდნენ.
კვირეული ფოკუსირებული იყო ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ დარგებზე: მშენებლობა, მექანიკა და სამკერვალო დიზაინი. კვირეულის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პროფესიული უნარების სააგენტოსა და ჩინეთის, თურქეთისა და ალბანეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია ახალი ერთობლივი პროექტებისა და გაცვლით პროგრამების შემუშავებისთვის.
კვირეულის მთავარი ღონისძიება იყო საერთაშორისო კონფერენცია „Connected for Impact: Global Perspectives on VET,” რომლის ფარგლებშიც ქართულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პროფესიული განათლების თანამედროვე ტენდენციებსა და ინიციატივებზე გამართა დისკუსია.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა. შეხვედრების მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორობის კონკრეტულ პროექტებად და ინიციატივებად გარდაქმნას.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს საქართველომ პირველად 2024 წელს უმასპინძლა. პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლებმა და პარტნიორმა საერთაშორისო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს მონაწილეობა 10 ქვეყნიდან ¬- მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულმა რეალური საფუძველი შექმნა თანამშრომლობის განვითარებისთვის – როგორც ინსტიტუციურ, ისე პირად პროფესიულ დონეზე. მონაწილე კოლეჯებსა და ორგანიზაციებს შორის დაიწყო კომუნიკაცია, დაიგეგმა ონლაინ-შეხვედრები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. ცალკეულ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მემორანდუმების გაფორმებასა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის დაწყების შესახებ, მათ შორის გაჟღერდა ინიციატივები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და გაცვლითი პროგრამების კუთხით. რიგ შემთხვევებში უკვე მიღწეულია შეთანხმება Erasmus+ პროექტებზე ერთობლივი მუშაობის შესახებაც. კოლეჯები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე, რაც სავარაუდოდ უახლოეს თვეებში მობილობისა და თანამშრომლობის პრაქტიკულ ფორმებში გადაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კოლეჯ „მერმისსა“ და ესტონეთის რეპინას პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრს (Räpina School of Horticulture) შორის. მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, რაც მოიცავს ერთობლივ აქტივობებს პროგრამების გაუმჯობესების, გამოცდილების გაზიარების, გაცვლითი პროგრამების, სემინარებისა და კვლევების მიმართულებით,
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ესტონეთის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრს (Vocational Education Centre of Valgamaa) შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას პროფესიული განათლების სფეროში, ადმინისტრაციული პერსონალის, მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების მობილობას, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე ერთობლივი ქართულ-ესტონური პროფესიული პროგრამების განხორციელებას.
ინტერნაციონალიზაციის მიმართულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ღონისძიებებით. პროფესიული უნარების სააგენტო ისეთი საერთაშორისო პროექტების მონაწილეა, რომელიც ქვეყანაში პროფესიული განათლების ეკოსისტემის გაძლიერების პირდაპირი გზაა.
მაგალითისთვის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სააგენტო ჩართულია ისეთ პროექტებში, როგორებიცაა Beyond Europe with Micro-Credentials, INVET, Euroguidance, Mobius და სხვ. თითოეულ პროექტს თავისი მიმართულება აქვს – მიკრო-კვალიფიკაციების განვითარება, საერთაშორისო სტაჟირების პროგრამები, კარიერის დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესება, რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცება – თუმცა საერთო მიზანი ყველასთვის ერთი რჩება: პროფესიული განათლების ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრა.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ასევე წარმატებით ხორციელდება პროექტი, VET4GSEB – VET partnership For Green and Smart Electricity in Buildings, რომლის პარტნიორებიც კოლეჯები “ბლექსი” და “იკაროსი” არიან და REBUILD – Capacity Building Program for sustainable reconstruction – კოლეჯ “სპექტრთან” და “კონსტრუქტ2თან” თანამშრომლობით.
პროფესიული განათლების სტუდენტები, მასწავლებლები და გამოცდილების გაცვლა
საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული და ხელშესახები შედეგი სტუდენტებისა და მასწავლებლების საერთაშორისო მობილობაა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გასულ წელს პროფესიული განათლების სტუდენტებმა დარგობრივად გაიარეს პრაქტიკა ბუდაპეშტის წამყვან კომპანიებში, ხოლო მასწავლებლები job-shadowing პროგრამებში ჩაერთნენ სომხეთსა და უნგრეთში. გარდა ამისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სწავლების თანამედროვე პრაქტიკისა და მიდგომების გაზიარებასა ემსახურება პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან, Senior Experten Service (SES) პროექტის ფარგლებში.
პროფესიული უნარების სააგენტო მხარს უჭერს ინტერნაციონალიზაციის განვითარებას პროფესიულ კოლეჯებში, რაც გულისხმობს ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საგრანტო განაცხადების მომზადება, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფორმირება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ა.შ. ხსენებული აქტივობების მიზანია, პროფესიული კოლეჯების გაძლიერება, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ საერთაშორისო სივრცეში ეფექტური პოზიციონირება და პარტნიორების მოძიება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზება ევროპის რამდენიმე ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე განხორციელებულია სასწავლო ვიზიტები შემდეგ ქვეყნებში: იტალია, ლატვია, გერმანია, თურქეთი. ვიზიტებში მონაწილეობა 30-მდე საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა მიიღო.
პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო, მეორე მხრივ, დარგობრივი პედაგოგიკის მიმართულებით თანამედროვე ცოდნისა და დარგში არსებული ინოვაციების შესახებ ევროპული გამოცდილების გაზიარებას.
მასწავლებელთა საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშესაწყობად, 2024 წლიდან პროფესიული განათლების მასწავლებლები eTwinning-ის პროგრამაში ჩაერთნენ. პროგრამის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. eTwinning პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან ითანამშრომლონ საერთო პროექტებზე, გაცვალონ იდეები, კულტურული გამოცდილება და სწავლების მეთოდები, გამოიყენონ ინოვაციური ციფრული საშუალებები სწავლის პროცესში. ამასთან, პროგრამა ქართველ მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ პროფესიული ქსელები ევროპის მასშტაბით და ხელი შეუწყონ პროექტების სწავლების დანერგვას პროფესიულ განათლებაში.
2022 წლიდან დღემდე ქართული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 64%-მა მიიღო მონაწილეობა 200-ზე მეტ საერთაშორისო აქტივობაში. ეს აქტივობები მოიცავს საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებს სტუდენტების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით განხორციელებულ ღონისძიებებს, უცხოელი მოსწავლეების, მასწავლებლების და ექსპერტების ვიზიტებს ქართულ დაწესებულებებში, ასევე საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში მონაწილეობას.
WorldSkills – საქართველოს გამოცდილება გლობალურ სარბიელზე
ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა WorldSkills პლატფორმა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2022 წლიდან პროფესიული უნარების სააგენტოა. ამ პლატფორმამ არა მხოლოდ ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალებს მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღოთ უნარების ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო ქართული პროფესიული განათლების პოტენციალი.
2024 წელს ლიონში გამართულ WorldSkills International-ის 47-ე საერთაშორისო კონკურსში საქართველო სამი მიმართულებით წარსდგა. Საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, 2025 წელს საქართველოში დაგეგმილია უნარების ეროვნული კონკურსის ჩატარება. კონკურსის გამარჯვებულს შანსი აქვს სააგენტო 2026 წელს, შანხაიში WorldSkills-ის რიგით 48-ე საერთაშორისო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.
საერთაშორისო პარტნიორობა
პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პლატფორმებთან, როგორიცაა Euroguidance, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ევროპული ალიანსი (EAfA), ევროპის განათლების ფონდი (ETF) და სხვა. ეს პარტნიორობა ქმნის სისტემურ საფუძველს, რათა საქართველოს პროფესიული განათლების ეკოსისტემა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
2024 წლიდან პროფესიული უნარების სააგენტო UNESCO-UNEVOC-ის ქსელის წევრი გახდა. ქსელის წევრობა სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს საერთაშორისო თანამშრომლობაში, მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განათლების გლობალურ ინიციატივებსა და პროექტებში, გამოიყენოს თემატური რესურსები და გაავრცელოს საკუთარი გამოცდილება. UNESCO-UNEVOC-ის ქსელის წევრობის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონიალი 2025 წლის სექტემბერში გაიმართება.
2024 წლიდან საქართველო ევროპის პროფესიული განათლების საკონსულტაციო კომიტეტის (ACVT) მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის პროფესიული განათლებისა სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოების გზაზე. ACVT ევროკომისიის მრჩეველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც 1963 წელს შეიქმნა და ევროკავშირის პროფესიული განათლებისა პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას უწყობს ხელს.
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტომ, ორგანიზაციამ – „Firma Felder Group, TZ Austria“ და ხის დამუშავების ტრადიციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით. შედეგად, ავსტრიის მხარის ჩართულობით, საქართველოში, კოლეჯ “სპექტრის” ბაზაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო პროფილის კოლეჯი შეიქმნება.
2024 წლიდან პროფესიული უნარების სააგენტო თანამშრომლობს La Cometa-სთან (იტალია). ორგანიზაციამ პროფესიული განათლების მასწავლებლების ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდების გაცნობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო თანამშრომლობს MeOut Group-თან (უნგრეთი). თანამშრომლობის რომლის მიზანია ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოებას გზით.
აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გაძლიერებას, სტუდენტთა პრაქტიკული უნარების ამაღლებას და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.
მომავლის ხედვა
ინტერნაციონალიზაცია აღარ არის მხოლოდ „დამატებითი ღირებულება;” ის უკვე პროფესიული განათლების სისტემის საკვანძო ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას, ახალი პროექტების დანერგვას და VET Connect-ის სამომავლო ინიციატივებზე მუშაობს. მომდევნო წლებში აქცენტი გაკეთდება მიკრო-კვალიფიკაციებზე, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერაზე და იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის საშუალებას მისცემს პროფესიული განათლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.