კუნძულ კრეტაზე (საბერძნეთი) მდებარე ქალაქ ხანიაში, ჯაშუშობის ბრალდებით, დააკავეს აზერბაიჯანელი მამაკაცი, რომელმაც, რამდენიმე დღის განმავლობაში, სუდას ყურეში ნატო-ს ბაზისა და საბრძოლო გემების 5 000-ზე მეტი ფოტო გადაიღო. ოთახიდან, რომელიც სუდას ყურეს გადაჰყურებდა და აზერბაიჯანელ მამაკაცს ჰქონდა დაქირავებული, ამოღებულია ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, კამერა და USB-მოწყობილობა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, მასალების დაშიფვრისა და გაგზავნისთვის, სპეციალური პროგრამა ჰქონდა დამონტაჟებული.
26 წლის აზერბაიჯანელს პოლონეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნდა. მან სასტუმროს ნომერი ხანიაში ერთი თვით დაჯავშნა და საფასური ნაღდი ფულით გადაიხადა. სასტუმრო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს მდებარეობს.
აზერბაიჯანელმა მამაკაცმა მოითხოვა, რომ მის ოთახს სუდას ყურის ხედი ჰქონოდა, რადგან ამერიკული ბაზა მის პირდაპირ არის განლაგებული.
კომპიუტერში აღმოჩენილი მასალები
არსებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი საბერძნეთში 18 ივნისს ჩავიდა. პოლიციელებმა, რომლებმაც მისი ოთახი გაჩხრიკეს, იპოვეს ლეპტოპი, კამერა, USB ფლეშ-მეხსიერება, მობილური ტელეფონი და მათი კონფისკაცია მოახდინეს. სამართალდამცავებმა ასევე ანხეს 5000 ფოტო, ძირითადად, მოკავშირეთა სამხედრო გემების ნომრებით, რომლებიც ნატო-ს ბაზაში შედიოდნენ ან ბაზიდან გადიოდნენ.
სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა
26 წლის აზერბაიჯანელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საიდუმლო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, გააჩნდა სპეციალური კრიპტოგრაფიული პროგრამული უზრუნველყოფა თავის კლიენტთან ფოტოების გასაგზავნად. პროგრამული უზრუნველყოფის წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი შეძენა კომერციული გზით ხელმისაწვდომი არ არის. კრიმინალური ლაბორატორიების თანამშრომლები მის გატეხვას ცდილობენ, რათა დაადგინონ ქვეყანა და სადაზვერვო სამსახური, რომელმაც ის გადაიბირა.
ამ კუთხით, გარკვეული მინიშნებები კეთდება ირანზე, სადაც ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
დაზვერვის ოფიცრების თქმით, ირანული სადაზვერვო სააგენტოები მათ, როგორც წესი, საზღვარგარეთ ჩასატარებელი ოპერაციებისთვის იბირებენ, რათა, გამოვლენის ან დატყვევების შემთხვევაში, უშუალოდ ირანთან პირდაპირი კონტაქტი არ დადასტურდეს.
კოორდინირებული ოპერაცია
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) დროულად მიიღო ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ. აზერბაიჯანელი მამაკაცის დაპატიმრებას ერთი დღით ადრე წინ უძღვოდა კვიპროსში მისი თანამემამულის დაკავება, რომელიც, ამ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაფიცვის ორგანიზებისთვის ემზადებოდა. 26 წლის მამაკაცის ხანიაში დაკავება ეროვნული სადაზვერვო სამსახურისა და პოლიციის კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. სასტუმროში ყოფნისას, მას თავისი ნომერი, პრაქტიკულად, არ დაუტოვებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მინი-მარკეტში საყიდლებზე ორჯერ გავიდა. მას დამლაგებლებისთვისაც კი არ მიუცია ოთახში შესვლის უფლება, რომ ნომერი დაელაგებინათ.
ოფიცრების კითხვებზე პასუხის გაცემაზე ის, ჯერჯერობით, უარს ამბობს და რუსულად ან თურქულად მხოლოდ იმას იმეორებს, რომ ტურისტია და ადვოკატი სჭირდება. დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს და მის წინააღმდეგ საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრეს. ეს დაკავება ძალიან რეზონანსულად მიიჩნევა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების კონტექსტში განიხილება.