ჩეხეთის პოლიციის ცნობით, გასული წლის იანვარში ორი ახალგაზრდა, აალებადი მოწყობილობის გამოყენებით, ქალაქ ბრნოში სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდებას შეეცადა. ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბრჟეტისლავ ბრეჟჩას განცხადებით, პოლიციამ ეს საქმე მაშინ გახსნა, როდესაც იმ ჯგუფის დანაშაულებრივ ქმედებებს იძიებდა, რომელიც სოციალურ მედიაში სიძულვილს ავრცელებდა და ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერდა მხარს. გამომძიებლებმა ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგან ორს ბრალი წაუყენეს. უსაფრთხოების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხალ კუდელკას თქმით, ინტერნეტში ახალგაზრდების რადიკალიზება ძალიან სწრაფად მოხდა.
ხუთი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი პოლიციამ, კონტრდაზვერვის თანამშრომელებთან ერთად, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება MERDA-ს ჩატარების დროს დააკავა. ბრეჟჩამ არ გამორიცხა, რომ დიდი მოცულობის ელექტრონული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, ბრალი სხვა პირებსაც წაუყენონ. მისივე განცხადებით, ეჭვმიტანილთა უმეტესობა 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა და საქმეში 15 წლამდე ასაკის მოზარდებიც არიან ჩართულნი.
პოლიცია ასევე იძიებს, გეგმავდა თუ არა დაკავებულთა ჯგუფი უფრო დიდი მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმას. სამართალდამცავებმა, ელექტრონული მტკიცებულებების გარდა, დაკავებულებს ასევე აღმოუჩინეს ცივი იარაღი, გაზის პისტოლეტები და სამხედრო აღჭურვილობა. საქმეს ოლომოუცის სახელმწიფო პროკურორის ოფისი ზედამხედველობს.
პოლიციამ გამოძიება 2024 წელს დაიწყო და ის დაახლოებით ერთი წელი მიმდინარეობდა. გამოძიებამ აჩვენა, რომ ორმა პირმა იანვარში ქალაქ ბრნოში სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა, ხოლო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ონლაინ- ჯგუფებს ქმნიდა სირიაში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამთან“ (HTS) ერთად საბრძოლველად. პოლიციის თქმით, ჯგუფის წევრები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთში, ავსტრიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
„სახარჯი მასალა“ რეკრუტერებისთვის
მიხალ კუდელკას განმარტებით, ახალგაზრდების ჯგუფი სოციალურ მედიაში ეწეოდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას და ავრცელებდა სიძულვილს ლგბტ+ თემისა და ებრაელების მიმართ. კუდელკას თქმით, ეჭვმიტანილები ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათ ძალადობისკენ სწრაფვა აერთიანებდათ. საკმაოდ სწრაფად მოხდა ინტერნეტში მათი რადიკალიზება, სადაც ისინი, თავდაპირველად, მსგავსი შინაარსის ვიდეოებსა და ტექსტებს ეძებდნენ.
„მათ არ ჰქონდათ კავშირი ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებულ მუსლიმურ საზოგადოებასთან. „ისლამურ სახელმწიფოს“ იდეოლოგიას ისინი ინტერნეტში დაექვემდებარნენ“, – ამბობს კუდელკა. მისივე თქმით, „ტიკ ტოკზე“, „ინსტაგრამსა“ და „ტელეგრამზე“ ახალგაზრდების რადიკალიზება სერიოზული პრობლემაა, რომელიც არა მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკას, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ემუქრება.