სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება პრიორიტეტია ქალაქისთვის და ყოველწლიურად ნახევარი მილიონი თბილისელი ბენეფიციარი იღებს ამ სიკეთეებს, რაც ამ პროგრამებში გვაქვს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გაკეთებულ პრეზენტაციაზე საუბრისას.
„როდესაც ახალ პროგრამებზე ვმუშაობთ, ჩვენ აუცილებლად ვიკვლევთ ბაზარზე არსებულ სიტუაციას. ამ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ძვირადღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება და ყველა თბილისელს შეეძლება რომ შემოიტანოს განაცხადი ამ პროგრამაში. სოციალურად დაუცველ პირებს 100%-ით დაუფინანსდებათ, ყველა სხვა პირს კი 80%-ით. როდესაც დაისმება დიაგნოზი, შემდეგ ხდება მომართვა მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსება აღნიშნული მედიკამენტების.
აუტიზმის სპექტრის მიმართულებითაც გვაქვს პროგრამები, სადაც ამ ეტაპზე ჩართულია 12 დღის ცენტრი. მშობლებს შეუძლიათ მიიყვანონ მსგავსი დარღვევის მქონდე ბავშვები და გაიარონ შესაბამისი კურსები. ამ მიმართულებით ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა ამ მიმართულებით, ბოლო გადაწყვეტილებით გაიზარდა ბიუჯეტი და დღეს უკვე 2 400 მდე ადამიანი იღებს აღნიშნულ მომსახურებას.
შშმ პირების დახმარება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი სოციალური პოლიტიკის. ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.