ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ერთ-ერთი ვაჟი, ოვიდიო გუსმან ლოპესი აპირებს განაცხადოს, რომ შეერთებულ შტატებში ნარკოტრაფიკში მონაწილეობის შესახებ მისთვის წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ამ ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურორების ცნობით, ოვიდიო გუსმან ლოპესი და მისი ძმა, ხოაკინ გუსმან ლოპესი მართავდნენ კარტელის ფრაქციას, რომელიც „ჩიპიტოსის“, ასევე „პატარა ჩაპოსის“ სახელით არის ცნობილი და შეერთებულ შტატებში ფენტანილის ექსპორტს ახორციელებდა.
ოვიდიო და ხოაკინ გუსმანების მამა, ელ ჩაპო სინალოას კარტელის ყოფილი ლიდერია, რომელსაც, 25 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში კოკაინის მთები და სხვა ნარკოტიკები გადაჰქონდა.
2023 წელს ოვიდიო გუსმან ლოპესი მექსიკაში დააკავეს და შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადირება მოახდინეს. ჩიკაგოს ფედერალურმა სასამართლომ მას ბრალი ფულის გათეთრებაში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ ქმედებებსა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებში წაუყენა.
ადრე ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, 9 ივლისს სასამართლოში გამოცხადებას აპირებს, რათა პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს და დანაშაული აღიაროს. სამშაბათს წარდგენილი სასამართლო დოკუმენტები იმაზე მიუთითებს, რომ დანაშაულის აღიარება მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოქტომბერში გამართულ სასამართლო მოსმენაზე პროკურორებთან შესაძლო საპროცესო შეთანხმება იყო ნახსენები.
როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება, ოვიდიო გუსმან ლოპესი იქნება ელ ჩაპოს პირველი შვილი, რომელიც პროკურორებთან შეთანხმებას დადებს.
აშშ-ში პატიმრობაში იმყოფება ხოაკინ გუსმან ლოპესიც. ის და სინალოას კარტელის კიდევ ერთი დიდი ხნის ლიდერი, ისმაელ სამბადა ელ მაიო ივლისში ტეხასში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი შეერთებულ შტატებში კერძო თვითმფრინავით ჩავიდნენ. ფულის გათეთრებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებული ხოაკინ გუსმან ლოპესი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დანაშაულს არც სამბადა აღიარებს.
ამ ადამიანების დრამატულმა დაპატიმრებამ ძალადობის ტალღა გამოიწვია ჩრდილოეთ მექსიკის შტატ სინალოაში, სადაც კარტელის ორ ჯგუფს შორის შეტაკებები დაიწყო.
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, ფედერალური პროკურორები და ოვიდიო გუსმან ლოპესის ადვოკატი, რომელიც სასამართლო ჩანაწერებში მოხსენებულია, როგორც ჯეფრი ლიხტმანი, კომენტარის გაკეთების თხოვნას არ გამოეხმაურნენ.