ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს საკვებ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე 17%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ევროკომისიამ წევრი ქვეყნების ელჩებს უკვე აცნობა.
გავრცელებული ცნობით, სავაჭრო ტარიფები შეეხება ყველაფერს, ბელგიური შოკოლადიდან დაწყებული და იტალიური ზეითუნის ზეთით დასრულებული.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, თუ ვაშინგტონი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ევროპელ მწარმოებლებს.
თავის მხრივ, ევროკომისიაში კვლავაც საჯაროდ აცხადებენ, რომ ევროკავშირი ოპტიმისტურად აფასებს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას.
როგორც ცნობილია, დონალად ტრამპმა დროებით შეაჩერა ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფის მოქმედება, თუმცა ამ გადაწყვეტილების ვადა 9 ივლისს იწურება. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო ტარიფები კვლავ ძალაში შევა, თუ მხარეები ამ თარიღამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.