ორშაბათს, 7 ივლისს, კომპანია „ეფლმა“ ევროკავშირის მიერ დაკისრებული 500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გაასაჩივრა და ბრიუსელი იმაში დაადანაშაულა, რომ ის ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს აიძულებს, განახორციელოს ცვლილებები, რომლებიც „მომხმარებლებისთვის ცუდია“. ევროკომისიამ აპრილში „ეფლს“ ჯარიმა იმის გამო დააკისრა, რომ დეველოპერებს თავისი App Store-ის ფარგლებს გარეთ მომხმარებლების გადამისამართების საშუალებას არ აძლევდა, რათა მათ უფრო იაფ შეთავაზებებზე ჰქონოდათ წვდომა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ციფრული კონკურენციის წესების დარღვევაა. „დღეს ჩვენ შევიტანეთ საჩივარი, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება და მის მიერ ჩვენთვის დაკისრებული უპრეცედენტო ჯარიმა სცილდება იმას, რასაც კანონი მოითხოვს“, – განაცხადა „ეფლმა“.
„როგორც ჩვენი სარჩელიდან ჩანს, ევროკომისია გვკარნახობს, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი მაღაზია და აწესებს ბიზნეს პირობებს, რომლებიც დამაბნეველია დეველოპერებისთვის და ცუდია მომხმარებლებისთვის. ჩვენ ეს ნაბიჯი საჯარიმო სანქციების თავიდან ასაცილებლად გადავდგით და ფაქტებს (ევროკავშირის) სასამართლოს წარვუდგენთ“, – დასძენს კომპანია.
გასულ თვეში „ეფლმა“ გამოაცხადა ცვლილებები App Store-ის გადახდის წესებში ევროპაში, რათა ახალი მკაცრი ყოველდღიური ჯარიმები თავიდან აეცილებინა. ამ ცვლილებებს შორის იყო ისიც, რომ დეველოპერების მიეცათ მომხმარებლებისთვის გადახდის სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზების შესაძლებლობა. ევროკომისია ახლა ამ ცვლილებების შეფასების პროცესშია. ჯარიმა კი ევროკავშირმა ამერიკულ კომპანიას ციფრული ბაზრების შესახებ საკვანძო კანონის საფუძველზე დაუწესა, რომელსაც „ეფლი“ ხშირად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ცვლილებები დიდი ჯარიმების მუქარის ქვეშ განახორციელოს.