ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებიც გვაქვს თბილისში არა მხოლოდ გარემოს დაცვის მიმართულებით, არამედ, ზოგადად, დედაქალაქის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს განხორციელებული პროექტებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
„შთამბეჭდავია პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა თბილისში გამწვანების, გარემოს დაცვის, რეკრეაციის მიმართულებებით გაკეთებულ საქმეებს. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს – დაახლოებით 2 600 პარკი და სკვერი მოეწყო, 650 ათასზე მეტი ნარგავი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ყველა მიმართულებით არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. ხედავთ, როგორი გემოვნებით არის შესრულებული ყველა პროექტი. ამის ერთ-ერთი დასტურია თემქის პარკი. მადლობა კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერს ამ პროექტებისთვის და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დედაქალაქის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე კახა კალაძემ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში დედაქალაქის გამწვანების კუთხით გადაიდგა. თბილისში, ახალი სკვერების მოწყობასთან ერთად, შეიქმნა და განახლდა 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე, 142 ჰექტარ ფართობზე აღდგა და გაშენდა ტყე. როგორც მერმა აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი გარემოს დაცვის მიმართულებით. 2024 წელს თბილისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის 153 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო 2025 წელს ამ მიმართულებით 155 მილიონი ლარია გათვალისწინებული.


















