ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირობებში უფსკრულისკენ მიექანება.
ლიპავსკიმ პუტინის რუსეთი კლეპტოკრატიას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც ნაძარცვის წყალობით ცხოვრობს.
„2022 წლის თებერვლიდან მან 500 კომპანიის 25,6 მილიარდი ევროს მოცულობის რესურსების კონფისკაცია მოახდინა, დარჩენილ სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს და ყიდის ყველაფერს, რაც დარჩა. და ეს ყველაფერი იმისთვის, რათა გამანადგურებელი ომი გააგრძელოს“, – დაწერა ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა.
ლიპავსკიმ აგრეთვე დასძინა, რომ პუტინის ეკონომიკა ნავთობის გაყიდვით არასაკმარისი შემოსავლების მიღებისა და სახელმწიფო რეზერვების ამოწურვის გამო ინგრევა.
„რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით უფსკრულისკენ მიექანება. და ეს არა მხოლოდ სანქციების, არამედ სიხარბის გამო ხდება. ფედერალური ბიუჯეტის მესამედი ომის დაფინანსებას ხმარდება. ამასთან ერთად, წელს კრემლი სამხედრო ხარჯებს კიდევ 8,6 მილიარდი ევროთი ზრდის. პუტინს ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მიჰყავს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს“, – დაწერა ლიპავსკიმ.