კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული დედაქალაქში, დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან შთამბეჭდავი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის ანგარიშის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან ერთად, განხორციელდა არაერთი პროექტი და პროგრამა, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებლების ყოველდღიურობაზე პირდაპირ აისახება.
„დღევანდელმა პრეზენტაციამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კახი კალაძე არის მერი, რომელსაც ინატრებდა ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი. ამ მიმართულებით განვითარება უნდა გაგრძელდეს. მომავალშიც, შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, კახი კალაძის ლიდერობით, ხელმძღვანელობით გაკეთდება უამრავი რამ ჩვენი დედაქალაქისა და დედაქალაქის მოსახლეობისათვის. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება შემდგომი განვითარება და შესაბამისი პროგრამა იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე კახა კალაძემ ისაუბრა იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც დედაქალაქმა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. მათ შორის, განხორციელდა 500-ზე მეტი სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა ახალი სპორტული ცენტრები, განხორციელდა 850-ზე მეტი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ინიციატივა, სწავლა დაუფინანსდა 19 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტს, 5 000-მდე მაგისტრანტი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიატი, ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 20 000-მა ახალგაზრდამ.