საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უწყებრივი მედალი – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისათვის“ გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებსა და სამოქალაქო პირებს გადაეცათ.
მინისტრმა მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის წინაშე სამხედროების მრავალწლიანი ღირსეული სამსახური და დამსახურება.
ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები დაესწრნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.