მიუხედავად ინციდენტისა, რომლის დროსაც ვილნიუსის ავტობაზის ტერიტორიაზე 25 ავტობუსი დაცხრილეს, ლიეტუვის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას. ეს განცხადება ვილნიუსის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენელმა სამშაბათს, 22 ივლისს გააკეთა.
„Vilniaus Viešasis Transportas-ის (VVT) პრეს-სპიკერმა, გინტარე ჟალიტე-შტარიენემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაზიანებული ავტომობილების ნაწილის ექსპლუატაცია იშვიათად ხდებოდა და ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სარეზერვო საშუალებად გამოიყენებოდა, როდესაც მარშრუტზე რეგულარულად მიმაგრებული ავტობუსები არ მუშაობდნენ.
„ჩვენ ვპირდებით მგზავრებს, რომ ავტობუსების მარშრუტებზე შეფერხებები ან ცვლილებები არ იქნება. ზაფხულში ხაზზე ნაკლები ავტობუსი იგზავნება. ამიტომ, განრიგის შენარჩუნება მგზავრებისთვის რაიმე შეფერხების გარეშე შეგვიძლია“, – აღნიშნა მან.

ავტობაზის დაცვის თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი საკმაოდ მასშტაბურია, ფინანსური ზარალი ძალიან დიდი არ არის.
„ზიანი, შესაძლოა, 20-დან 30 ათას ევრომდე იყოს. ავტობუსები სხვადასხვანაირად დაზიანდა – ზოგ შემთხვევაში ერთი ფანჯრის შეცვლა იქნება საჭირო, ზოგში კი – ორის“, – განაცხადა ჟალიტე-შტარიენემ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ პნევმატური იარაღი ბოლო თავდასხმის დროსაც გამოიყენეს, თუმცა ზუსტი გარემოებები და დეტალები ჯერ უცნობია.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. კითხვებზე უფრო მკაფიო პასუხებს გამოძიება გასცემს, – განაცხადა სპიკერმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ცალკეულ შემთხვევად დარჩება, – ჩვენ გვჯერა, რომ პოლიცია ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს საქმის გაასხსნელად და მომავალი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“.
დაზიანებული ავტობუსები ავტობაზის ღობესთან იყვნენ გაჩერებულები. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მათი მიმართულებით სროლა უშუალოდ ავტობაზის ტერიტორიიდან განხორცილდა.
პოლიციის განცხადებით, შესაძლო დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, ღობის მავთულები გადაჭრეს და ავტობუსების დასაზიანებლად, ავტობაზის ტერიტორიაზე შევიდნენ.