საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ გუბაში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში არიან.
გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, ფარიდ გაიბოვთან ერთად სტუდენტებს გაესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
„ის, რომ დღეს ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ერთად შეიკრიბეთ და დროს ასე საინტერესოდ და სასიამოვნოდ ატარებთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მყარ, ჰარმონიულ და მეგობრულ დამოკიდებულებას. ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მართლაც ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მაღალ ნიშნულს მივაღწიეთ, რაც საერთო ინტერესებს, ისტორიულ კავშირებსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას ეფუძნება. მჯერა, ბანაკი მეტად შეუწყობს ხელს სტუდენტებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ერთობლივი საგანმანათლებლო-ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას და ბანაკები, ისევე როგორც სხვა მრავალფეროვანი პროექტები, სისტემატურ ხასიათს მიიღებს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ბანაკის განხორციელებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტების, მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის ჩართულობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბანაკის წარმატებით ჩატარება სწორედ მათი ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ფარიდ გაიბოვს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, სამაგალითო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან მალე ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს უკვე საქართველო უმასპინძლებს.
ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
ბანაკი აზერბაიჯანში ტარდება სამ ლოკაციაზე – გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში და მასში 90 სტუდენტი მონაწილეობს. კვირეული ასევე მოიცავს ექსკურსიებს, სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით, კულტურულ აქტივობასა და ახალგაზრდული ფორუმის გამართვას.
ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეული, რომელიც 22 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს სრულდება, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების გაღრმავებასა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.