„მტკიცე სული“ არის სტრატეგიული სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ავიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა, – ამის შესახებ ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ტერი ტილისმა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025-ის ოფიციალურად გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორობა საშუალებას იძლევა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
„ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის სახელით, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის სტრატეგიული, ვიმეორებ, სტრატეგიული სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ავიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის ძალებია, მათ წარმართეს დაგეგმვის პროცესი და მოემზადნენ სწავლებისთვის. სწავლების აღსრულების პროცესში ქართული მხარე ყველა მონაწილე ქვეყანას ხელმძღვანელობს დამკვირვებლებთან, მაკონტროლებლებთან და ინსტრუქტორებთან ერთად, რაც სწავლებაში ჩართულ ყველა ქვედანაყოფს მზადყოფნის ამაღლებაში დაეხმარება. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ერთად გავიაროთ წვრთნა, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“, – განაცხადა ტერი ტილისმა.