ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი მომავალ წელს ესტონეთის თავდაცვის ძალების ზამთრის საწვრთნელ ბანაკში მიიწვია და ყინულიან ტბაში ჩახტომა შესთავაზა, რაც ნატო-ს ჯარისკაცებისთვის გათვალისწინებული ერთ-ერთი სავარჯიშო ელემენტია.
ამერიკელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, პევკურმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ზაფხულის ცხელ დღეზე“ გაამახვილა ყურადღება და ჰეგსეტი მომავალ წელს ესტონეთში მიიწვია.
„ნება მომეცით, უჩვეულო სურვილით დავიწყო – მსურს, ესტონეთში ჩამოხვიდეთ წლის ყველაზე ცივ დროს, იანვარში, როდესაც ზამთრის ბანაკში მოკავშირეთა შეკრება ტარდება“, – განაცხადა მან.
„იქ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ჩავხტეთ ყინულოვან წყალში. ასე რომ, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს და თქვენს ჯარებს და გაყინულ ტბაში გადახტეთ“.
ჰეგსეტმა უპასუხა: „გაყინულ ტბასთან დაკავშირებით მყარ „ალბათ“-ს ვამბობ“.

„კარგი, ვნახოთ. აბა, ამაზე რას იყვით?“. პევკურმა გაიცინა.
დაახლოებით 600 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, როტაციის პრინციპით, ესტონეთში, ძირითადად, რეედოს (ვირუს ოლქი) ყაზარმებშია განლაგებული.
შანსის გამოყენებას ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსიც შეეცადა და აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავის ქვეყანაში მანაც მიიპატიჟა.
„თქვენ ასევე გელოდებით ლატვიაში, რათა ნახოთ ჩვენი ყინულოვანი წყლები და ბალტიის სამი ქვეყნის წყლები ერთმანეთს შეადაროთ“, – აღნიშნა მან.
ჰეგსეტს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს და უპასუხა: „ძალიან კარგი“.
ოფიციალური ვიზიტის დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბალტიისპირეთის ქვეყნები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5 პროცენტამდე გაზრდისა და აშშ-ის ჯარების მასპინძლობისთვის შეაქო.
ყოველწლიურ წვრთნებს, სახელწოდებით Winter Camp (Talvelaager) ესტონეთის თავდაცვის ძალები ყოველი წლის იანვარში მასპინძლობენ.
ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც ჩვეულებრივ თბილ კლიმატში მოქმედებენ, ეს საშუალებას აძლევს ზამთრის პირობებში ივარჯიშონ. კურსი, როგორც წესი, ყინულის ხვრელში ჩაყვინთვასაც მოიცავს.
მსგავს კურსს ესტონეთის სამხედრო აკადემია იუნკრებისთვის ატარებს.
„ესტონეთში ზამთარი დაახლოებით ექვს თვეს გრძელდება. ამიტომ, ჩვენ ქვეყნის დასაცავად ცივ და სველ პირობებშიც მზად უნდა ვიყოთ“, – ამბობს ზამთრის საწვრთნელი კურსის ინსტრუქტორი, კაპიტანი რეიგო კულამაა.