წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ.
ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ.
დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.
8-თვიანი ვადით გაწვეული ახალწვეულები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.