გაზეთი „პრაიმტაიმი“ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი გვარამიას სახლიდან ამოღებული წერილის შინაარს ასაჯაროებს.
გამოცემის ინფორმაციით, წერილი, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი, შემდეგი შინაარსისაა:
„პირობას ვდებთ, რომ ამ საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე შევინახავთ“,– წერია წერილში, რომელსაც ხელს მოკლული კაცის შვილიშვილი მარიამ კუპრეიშვილი და მისი მეგობარი გიორგი გვარამია აწერენ.
სტატიის თანახმად, სამართალდამცველებმა საქმის მთავარი მტკიცებულება-წერილი ბაქოს ქუჩაზე, გვარამიას მიერ ნაქირავები ბინიდან ამოიღეს.
რა საიდუმლოზეა საუბარი, წერილში არ კონკრეტდება, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს ჯუმბერ კუპრეიშვილის მკვლელობის აღიარებასთან, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულებს მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით დაეწერათ, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც ასევე საფუძვლიანად გამოიყურება.
გიორგი გვარამია, რომელიც ჯერაც დუმილის უფლებას იყენებს, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე დეტალურად ახსნის, რას უკავშირდება წერილი, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის მტკიცებულებად განიხილავს.
გვარამიას ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქმე ეხება პირადი ცხოვრების საიდუმლოებას და წერილის შინაარსი, მკვლელობასთან არანაირ კავშირში არ არის. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს,- წერია სტატიაში.
ადვოკატის მტკიცებით, ამ წერილში არანაირი მკვლელობის დაგეგმვაზე, ან დანაშაულის აღიარებაზე საუბარი არ არის.
„ეს წერილი საერთოდ არ უკავშირდება რაიმე სახის დანაშაულს. წერილი შეიცავს სწორედ ინტიმურ და პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, რაზეც საუბრის დასაწყისში გესაუბრეთ, ამიტომ მოდით, მის შინაარსში ნუ შევალთ. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ გიორგიმ დაარღვიოს დუმილის უფლება, რადგან მას ისეთი ბრალი აქვს წარდგენილი, რომელიც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოყვეს ის, რაც რეალურად მოხდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია პირად ცხოვრებაზე, სასამართლოში ამ ინფორმაციის გამჟღავნება, სავარაუდოდ, დახურულ სხდომაზე მოხდება. ეს არის ზოგადი შინაარსის წერილი, სადაც არ ჩანს, რომ ვინმე რამეს აპირებს, მით უმეტეს, მკვლელობას. უბრალოდ, ორი ადამიანი პირობას დებს ერთმანეთთან, რომ თავიანთ საიდუმლოს არ გაამჟღავნებენ. ეს საიდუმლო მე ვიცი, რაც არის, შესაბამისად, სასამართლოზე მოხდება შესაბამისი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მიწოდება“,- განაცხადა ადვოკატმა.
გარდა ამისა, „პრაიმტაიმისთვის“ საქმის სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, მოკლული ჯუმბერ კუპრეიშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავდა. სწორედ ერთ-ერთის ქალიშვილი გახლავთ მარიამ კუპრეიშვილი. ახლობლებისთვის ცნობილია, რომ აწ გარდაცვლილმა მთელი ქონება, მათ შორის ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ბინა და ავტომობილი მეორე ცოლის ოჯახს დაუტოვა, რამაც თითქოს მარიამ კუპრეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. ასევე, ახლობლების გადმოცემით, ჯუმბერ კუპრეიშვილი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა, კერძოდ, მევახშეობით იყო დაკავებული და სახლშიც სოლიდურ თანხას ინახავდა. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო მასზე განაწყენებული შვილიშვილისთვის, რომელმაც ანგარების მიზნით მეგობარ გიორგი გვარამიასთან ერთად პაპის მკვლელობა განიზრახა.
ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებულები რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ ჯუმბერ კუპრეიშვილს, მკვლელობის დღეს აფთიაქში რეზინის ხელთათმანებიც შეიძინეს, რათა თითის ანაბეჭდები არ დარჩენილიყო.
როგორც სტატიაში წერია, შესაძლოა, მარიამ კუპრეიშვილი და გიორგი გვარამია გამოძიებას არც კი დაეკავებინა, რომ არა ერთი გარემოება: იმავე დღეს ერთ-ერთი საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათთან ახალგაზრდა მამაკაცი კიდურზე არსებული დაზიანებებით არის მოთავსებული. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 20 წლის სტუდენტი, გიორგი გვარამია დახვდათ.
მას მარჯვენა ხელის თითებზე მყესები ჰქონდა დაზიანებული. ექიმების გადმოცემით, დაშავებული პოლიციის საქმის კურსში ჩაყენების წინააღმდეგი იყო, თუმცა მედპერსონალი ვალდებული გახლდათ, ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის მიეწოდებინა, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი დაზიანებას შანხაიას ქუჩაზე მის მიმართ ყაჩაღურ თავდასხმას უკავშირებდა, რა დროსაც თითქოს მყესები გადაეჭრა. საავადმყოფოში მისულ პოლიციელებს გიორგი გვარამიამ ყაჩაღობის ადგილად სხვა ტერიტორია მიუთითა, თუმცა შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მის მიერ დასახელებულ ადგილზე ყაჩაღობის მცდელობაც კი არ დაფიქსირებულა.
ბოლოს კი გიორგი გვარამიამ გამომძიებელს უთხრა, რომ თითები სახლში საკუთარი დანით დაიზიანა და მან ყაჩაღობის ვერსია, უბრალოდ, მოიგონა.
როგორც ჩანს, ამის შემდეგ სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტი რაღაცას მალავდა და მისი გარემოცვის შესწავლა დაიწყო. გამოძიების კვალმა კი ისინი მარიამ კუპრეიშვილზე გაიყვანა, რომელიც, თავის მხრივ, საერთო მეგობრებს არწმუნებდა, რომ გიორგი გვარამია დააყაჩაღეს და წინააღმდეგობის გაწევის დროს ხელის თითები გაეჭრა.