მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
საქმე ეხება საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მამა გიორგი მამალაძე ესპანეთში 50 ათასი ევროს გათეთრებას აპირებდა.
“ე.წ. ტრანზაქციები, რომელიც თურმე ხორციელდებოდა, არის სრული სიცრუე. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომ ეს ინფორმაცია ამ განცხადების თაობაზე იყო მამა გიორგის კომპიუტერში, რომელიც ინახება პროკურატურაში. ეს არის პროკურატურის მიერ ამოღებული მასალა, რომელიც გადაეცა საპატრიარქოს. ბატონი ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაცა სასულიერო პირის კაბინეტში, არის სიცრუე. ეს დოკუმენტი არ ინახებოდა და ვერ შეინახებოდა საპატრიარქოში, რადგან მამა გიორგი თითქმის ერთი წელი არ ყოფილა საპატრიარქოში, იმ კაბინეტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა საპატრიარქოსთან თანამშრომლობს და ფაილებს უგზავნის”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
