აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომს ნავთობზე ფასის დაცემის შემთხვევაში შეწყვეტს.
„თუ ენერგომატარებლებზე ფასი საკმარისად დაიწევს, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს. თუ ერთი ბარელი ენერგომატარებელი კიდევ 10 დოლარით გაიაფდება, მას უბრალოდ არჩევანი აღარ ექნება, რადგან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ გაზრდის ინდოეთისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის გამო დაწესებულ ტარიფს.
„ჩვენ 25%-ზე შევთანხმდით, მაგრამ, ვფიქრობთ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ამ ტარიფს მნიშვნელოვნად გავზრდი, რადგან ისინი რუსულ ნავთობს ყიდულობენ და ომის მანქანას კვებავენ. თუ ამის გაკეთებას გააგრძელებენ, ძალიან უკმაყოფილო ვიქნები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ულტიმატუმის ვადა, რომელიც ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაუწესა, 8 აგვისტოს იწურება. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს დააწესებს.