სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს. ახალი საპილოტე პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
სახელმწიფო დეპარტამენტს იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომლებზეც ახალი მოთხოვნა გავრცელდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე, პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს.
დეპოზიტის ოდენობას საკონსულოს თანამშრომლები განსაზღვრავენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი აშშ-ს ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.
ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის, აშშ-მ შესაძლოა 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტი მოითხოვოს
2025/08/05 20:04:57

ნანახია: 6 ჯერ