დანაშაული ვაშინგტონში სრულიად უკონტროლოა, ადგილობრივი „ახალგაზრდები“ და ბანდის წევრები ესხმიან თავს, ძარცვავენ, ასახიჩრებენ უდანაშაულო მოქალაქეებს, თანაც იციან, რომ თითქმის მაშინვე გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონში კანონი უნდა შეიცვალოს, რათა „არასრულწლოვნებს“ სრულწლოვნების მსგავსად მოეთხოვოთ პასუხი.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს თუ გაგრძელდება, ვაშინგტონს ფედერალურ დაქვემდებარებაში გადაიყვანს.
„ვაშინგტონში დანაშაული სრულიად უკონტროლოა, ადგილობრივი „ახალგაზრდები“ და ბანდის წევრები, რომელთაგან ზოგი მხოლოდ 14, 15 და 16 წლისაა, ესხმიან თავს, ძარცვავენ, ასახიჩრებენ და ესვრიან უდანაშაულო მოქალაქეებს, თანაც იციან, რომ ისინი თითქმის მაშინვე გათავისუფლდებიან. მათ არ ეშინიათ სამართალდამცველების, რადგან იციან, რომ არაფერი დაემუქრებათ, მაგრამ ეს ახლა შეიცვლება. ვაშინგტონში კანონი უნდა შეიცვალოს, რათა ამ „არასრულწლოვნებს“ სრულწლოვნების მსგავსად მოეთხოვოთ პასუხი და დიდი ხნით გამოამწყვდიონ ციხეში, 14 წლის ასაკიდან. ბოლო მსხვერპლი ადგილობრივმა ხულიგნებმა უმოწყალოდ სცემეს.
ვაშინგტონი უნდა იყოს უსაფრთხო, სუფთა და ლამაზი ქალაქი ყველა ამერიკელისთვის, რაც მთავარია, მსოფლიოსთვის. ვაშინგტონი თუ სწრაფად არ მოეგება გონს, სხვა გზა არ გვექნება გარდა იმისა, რომ ფედერალურ კონტროლზე ავიყვანოთ ქალაქი და ვმართოთ ისე, როგორც საჭიროა. კრიმინალებს კი ვაცნობოთ, რომ ისინი დაუსჯელები არ დარჩებიან. ეს თუ გაგრძელდება, მე გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და ქალაქს ფედერალურ დაქვემდებარებაში გადავიყვან“, – წერს დონალდ ტრამპი.