პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციისა და ერდოღანის შეხვედრას და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას თურქი მესხების საქართველოში დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რაც შეეხება თურქ მესხებს, ასობით ათასი მოსახლეობის ჩასახლება ჯერ ქვეყანაში და თანაც მესხეთში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია ეთნიკური ქართველი, მძიმე შედეგს მოგვიტანს“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თურქი მესხების სამცხეში ჩასახლება, სადაც ეთნიკურად ქართველები ცოტანი არიან და ძირითადად სომხები ცხოვრობენ, კონფლიქტს გამოიწვევს.
“საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრისას ერთ-ერთ თემად თურქი მესხების თემა იყო, რაც არც ახალია და არც გასაკვირი. თურქეთისთვის მისი ეთნოსის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსახლება სტრატეგიულად მრავალმხრივ მნიშვნელოვანია: მას ეყოლება საკუთარი ხალხი საქართველოს საზღვართან ეთნიკური სომხებით დასახლებულ მესხეთში, რომელიც ესაზღვრება აჭარას. ამის იქეთ ალბათ ადვილი მისახვედრია, რა გრძელვადიანი მიზნებიც დევს.
ეს ახალი არ იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ მუდმივად ისმოდა უცხოეთიდან, არა მარტო თურქეთიდან, არამედ, უფრო მეტად დასავლეთიდან. თან ამ დროს, არც ევროპა და არც ამერიკა არასოდეს ახსენებდა საქართველოდან ასევე იძულებით გადასახლებული ეთნიკური ქართველების, ფერეიდნელების დაბრუნებას. პირიქით, მათთვის ეს თემა ყოველთვის დახურული იყო და ეშინოდათ, სადმე არ გაჟღერებულიყო. ესეც გასაგებია, რატომ? განა მნიშვნელობა აქვს რამდენი საუკუნის წინ გადაასახლეს ერთი ან მეორე?
თუკი თურქი მესხების დაბრუნება დასავლეთის ინტერესებში დევს, რომ შემდეგ კიდევ ერთი ბომბი ჩაგვიდონ საქართველოში, ფერეიდნელი ქართველების ჩამოსახლება ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს თუნდაც დემოგრაფიული შევსების კუთხით. თუკი ჩვენი მილევადი გენოფონდი ვინმესგან უნდა შეივსოს, ბარემ ისევ ჩვენი ჯიშის და სუფთა სისხლის ქართველებით. თუმცა, აქაც არის სერიოზული პოლიტიკური და რელიგიური რისკები, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
რაც შეეხება თურქ მესხებს, ასობით ათასი მოსახლეობის ჩასახლება ჯერ ქვეყანაში და თანაც მესხეთში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია ეთნიკური ქართველი, მძიმე შედეგს მოგვიტანს. გარდა ამისა, სომხებთან მათი ჩასახლება და ერთი საუკუნის წინანდელი პირადი ქონების, მიწების მოთხოვნა, გარდაუვალ მოუგვარებელ კონფლიქტს გამოიწვევს.
თურქი მესხების თემა სერიოზულ პოლიტიკურ და დემოგრაფიულ რისკებს შეიცავს. საქართველოში რაღაც ფორმით უნდა გამოცხადდეს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა, რათა ასეთი რისკებისგან ქვეყანა დაზღვეული იყოს და უცხოეთიც ფრთხილად მოეკიდოს ამ საკითხს,“– წერს თამარ ჩიბურდანიძე.