კომპანია „რაკია ჯორჯიას“ იურისტი ნათია წკეპლაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძის წინააღმდეგ სასამართლო დავა საქართველოშიც მიმდინარეობს.
როგორც წკეპლაძემ „საზოგადოებრივს“ განუცხადა, დღეს დილით მიიღეს შეტყობიენება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გელა მიქაძეს და კიდევ ორ პირს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
წკეპლაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებიც ობიექტურ, მიუკერძოებელ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“დღეს დილით მივიღეთ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამივე ბრალდებულს. ასევე, მათ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება თანხების უკანონო მითვისებისთვის. ეს ეხება ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს. ჩემი იურიდიული კომპანია აწარმოებს სამოქალაქო დავებს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბატონი მიქაძის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მილიონობით თანხა და ქონებაა მითვისებული, ვიმედოვნებთ, რომ საერთო სასამართლოები ობიექტურ, მიუკერძოებელ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე. რაც შეეხება კომპანია Raystar Trade-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თავად კომპანია „რაკია ჯორჯია“ გაავრცელებს ოფიციალურ პრესრელიზს, სადაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი“,-აღნიშნა ნათია წკეპლაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Gulf Business ავრცელებს.
გარდა ამისა, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ – 4,4 მილიონი აშშ დოლარი. ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაშიც მათ ბრალი ედებოდათ.
საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლადშექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები).
