სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 17.4 პროცენტით მეტი, 1.1 მლნ მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 18.1 პროცენტით მეტი, 1.0 მლნ მგზავრი.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8 პროცენტი — გაგზავნილი.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.