ამდენი იმიტომ იწვალეს, რომ საბოლოო ჯამში კუპრაძე დაეყენებინათ თბილისის მერობის კანდიდატად?!,- ასე ეფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, გახარიას პარტიის და „ლელოს“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატს.
მისი თქმით, ამ ორ პარტიას უფრო მეტად გაუჭირდება საკრებულოს სიების დაკომპლექტება.
„წარმოგვიდგენია, თბილისის მერობის კანდიდატზე ორი პარტია, რომ ასე წვალობს, რეგიონებში და მაჟორიტარების დასახელებაზე, როგორ მძიმე დღეში იქნებიან. ფაქტი არის, რომ ამ ორ პარტიას წევრებიც კი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საკრებულოს სიები დააკომპლექტონ და მათ მხარდაჭერაზე ხომ საერთოდ საუბარიც აღარ არის. ეს არის სრულიად გაბანკროტებული პოლიტიკური ჯგუფები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
გახარიას პარტია და „ლელო“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის არაპარტიული, ნეიტრალური კანდიდატის წარდგენას აანონსებდნენ, თუმცა საბოლოოდ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.