გადავხედოთ ირაკლი კუპრაძის ბიოგრაფიას, რა გაუკეთებია, რითი აქვს დამტკიცებული, რომ შეუძლია დედაქალაქის მართვა? ამიტომ კახა კალაძესთან კონკურენციაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაპირება, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ნეიტრალურ, უპარტიო მერობის კანდიდატს შეარჩევდნენ, ტყუილი აღმოჩნდა.
„მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ბატონი ხაზარაძის და გახარიას მხრიდან რამდენიმე ტყუილი წინა არჩევნებიდან მოყოლებული. ისინი თავიანთ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. ერთი მტკიცებულება ვერ დადეს და პირდაპირ ეთერში ბატონმა გახარიამაც და ბატონმა ხაზარაძემაც აღიარეს ხმების ის რაოდენობა, რა ხმებიც მათ ცესკო-მ დაუწერა; შემდეგ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ; როდესაც თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, რომ დააყენებდნენ ნეიტრალურ, აპოლიტიკურ, უპარტიო კანდიდატს. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მესამე ტყუილი მათი მხრიდან.
ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ამომრჩევლისთვის ეს პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენებაა. მე დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველი ამას სწორად შეაფასებს. ბატონმა კუპრაძემ ვიცემერობის კანდიდატად დაასახელა ბატონი ელისაშვილი. ამომრჩევლისთვის ესეც შეურაცხმყოფელია იქიდან გამომდინარე, როგორი სიტყვებით ლანძღავდა ბატონი ელისაშვილი ბატონ ხაზარაძეს. შემდეგ ბატონმა ხაზარაძემ იგი თავის პარტიაში მაინც შეიკედლა. ასეთი კანდიდატების დაყენება, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია მათივე ამომრჩევლისთვის. ამომრჩეველი მათ არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „ლელოს“ და გახარიას პარტიის ამომრჩევლები ძალიან იმედგაცრუებულები არიან ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებით.
„რა კონკურენციაზე შეიძლება იყოს საუბარი? ბატონი კუპრაძის ბიოგრაფიას გადავხედოთ. რა გაუკეთებია, ვინ იცნობს და რითი აქვს დამტკიცებული, რომ შეუძლია მართოს დედაქალაქი? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერავინ გაგვცემს, შესაბამისად, რა კონკურენციუაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ნულოვანი შანსი აქვთ, რომ რაღაც მინიმალურ წარმატებასაც მიაღწიონ. ეს მათივე ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, ვინაიდან ჰპირდებოდნენ, რომ კანდიდატი არაპარტიული იქნებოდა და დააყენეს ბატონი კუპრაძე. დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებით „ლელოს“ და ბატონი გახარიას პარტიის ამომრჩევლები ძალიან იმედგაცრუებულები არიან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.