„დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ“ – ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომა. ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს და მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებში წარმატებები უსურვა.
„მინდა, კახა კალაძეს და მის გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისელების მხარდაჭერით, გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო. კახა კალაძის გუნდში არიან როგორც მოქმედი საკრებულოს წევრები, ასევე ახალი სახეები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი კახა კალაძის მეთაურობით ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვებს. იმისათვის რომ არჩევნები 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს, ყველა ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის მთავარ მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის გაკეთებული საქმეები, რომლებიც ზურგს გვიმაგრებს, ამასთანავე, უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა გვჯერა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თბილისის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.