თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ტრამვაის პროექტის მიზანია ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშირონ.
მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.
„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.